
Global Leadership Camp-ის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ხელოვნური ინტელექტის თემას დაეთმო და მოიცავდა საგანმანათლებლო აქტივობებსა და ტრენინგებს, რაც მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.
აღნიშნული დღის ფარგლებში ბანაკს ჰყავდა მოწვეული სტუმარი – ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი კუბილაი აჰმედ ქუჩუკი, რომელმაც ახალგაზრდებს ჩაუტარა ლექცია ხელოვნურ ინტელექტზე. ლექციის განმავლობაში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის არსი, მისი განვითარების ძირითადი ეტაპები, გამოყენების სფეროები, ასევე ეთიკური საკითხები და ის გავლენა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი განათლებაზე, შრომის ბაზარსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ახდენს.
ხელოვნური ინტელექტის დღის ფარგლებში მონაწილეებს უცხოელმა პედაგოგებმა ჩაუტარეს თემატური გაკვეთილები ინგლისურ ენაზე , სადაც იმსჯელეს ტექნოლოგიურ ტერმინოლოგიაზე, ციფრული მომავლის კონცეფციებზე და ხელოვნური ინტელექტის როლზე გლობალურ კომუნიკაციასა და საერთაშორისო სივრცეში. აღნიშნულმა ფორმატმა ხელი შეუწყო როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე უცხოენოვანი კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
დღის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა შემოქმედებითი ვორქშოპი „ცხოვრება 2050 წელს“, რომლის ფარგლებში გუნდებმა იმუშავეს მომავლის სცენარებზე და წარმოადგინეს საკუთარი ხედვები თეატრალური ელემენტების გამოყენებით. წარმოდგენებმა ნათლად წარმოაჩინა მონაწილეთა შემოქმედებითი პოტენციალი და კრიტიკული აზროვნება, ასევე მათი ტექნოლოგიური უნარერები.
დღის ბოლოს მონაწილეებმა უყურეს დოკუმენტურ ფილმს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რის შემდეგაც დოქტორ ქუჩუკთან ერთად გაიმართა ანალიტიკური განხილვა. დისკუსიის ფარგლებში ახალგაზრდებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, პასუხისმგებლიან გამოყენებაზე და ადამიანის როლზე ტექნოლოგიურად სწრაფად განვითარებად სამყაროში.
აღნიშნული აქტივობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოზარდებთან მუშაობისას, რადგან ხელოვნური ინტელექტი უკვე წარმოადგენს მათი მომავალი პროფესიული და სოციალური რეალობის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ თემაზე ადრეული და გააზრებული საუბარი ხელს უწყობს ტექნოლოგიური ცნობიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ეთიკური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, რაც თანამედროვე განათლების ერთ-ერთ არსებით ამოცანად მიიჩნევა.
